ნამდვილი ნოველისტი ის არის, ვინც მორჩილად ეთანხმება ცხოვრების მიერ ნაკარნახევ წესებს


„ნამდვილი ნოველისტი ის არის, ვინც მორჩილად ეთანხმება ცხოვრების მიერ ნაკარნახევ წესებს. წერს იმ თემებზე, რომლებიც მისი გამოცდილებიდან იბადებიან,  რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი, ხოლო სხვა თემებს, ის იმ მომენტში უბრალოდ უკუაგდებს… ალბათ ეს არის მწერლის ნამდვილობა და გულწრფელობა: საკუთარი დემონების უარყოფა და ამავე დროს, მათთვის საუკეთესო შესაძლებელი სამსახურის გაწევა“. 

                                                                                                                                                  მარიო ვარგას ლიოსა.

მარიო ვარგას ლიოსა დღევანდელი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია. იგი 1936 წლის 28 მარტს პერუში დაიბადა და უკვე მრავალი ათეული წელია წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს ლიტერატურულ არენაზე.

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (2010 წელი),  რენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პლანეტის პრემია, მიგელ დე სერვანტესის პრემია, კარლოს ფუენტესის პრემია, იერუსალიმის პრემია, კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი...  ეს არასრული ჩამონათვალია მწერლის იმ ჯილდოებისა, რომელიც მას მინიჭებული აქვს.

მარიო ვარგას ლიოსა 1982 წლის შემდეგ პირველი ლათინოამერიკელი მწერალია, რომელსაც 2010 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს. 1982 წელს პრემია გაბრიელ გარსია მარკესს ერგო. ესპანეთის მეფემ ხუან კარლოსმა კი ლიტერატურასა და ესპანური ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მარიო ვარგას ლიოსას მარკიზის წოდება უბოძა.

ლიოსას დაწერილი აქვს ათეულობით რომანი, პიესა, უამრავი მოთხრობა და ესე – მისი შემოქმედება აღწერს და ასახავს ლათინური ამერიკის პოლიტიკას, კულტურას და ყოველდღიურ ცხოვრებას. „დეიდა ხულია და სცენარების მწერალი“, „გმირის დრო (ქართ. ქალაქი და ძაღლები)“, „საუბრები საკათედრო ტაძარში“, „კაპიტანი პანტალეონი და მისი სპეცმომსახურების ასეული“, „ომი და მსოფლიოს დასასრული“ (ესპ. La guerra del fin del mundo) – ეს იმ რამდენიმე რომანის ჩამონათვალია, რომლებმაც ლიოსას მსოფლიო აღიარება მოუტანა.





 




"გაბო"